დავით ზალკალიანი: ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა

"ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმა და ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასევე თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩართულობას, საქართველოს პოზიცია ნათელია - იგი ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე ვერ ისაუბრებს.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებები გარკვეულ ფორმატებში გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაჟღერდა კიდევაც 3+3, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ის დიდი ქვეყნები, რომლებიც არიან პროცესთან დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და, სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, საუბარი და განხილვაც კი გაგვიჭირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრამდე.

მისივე თქმით, საქართველომ მეზობლებს შესთავაზა თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის.

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია.

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა