უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე Starlink-ის სატელიტურ სისტემებს იყენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ რუსი ოკუპანტები სულ უფრო ხშირად იყენებენ Starlink-ის სატელიტურ სისტემებს ბრძოლის ველზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სადაზვერვო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.


დაზვერვის თანახმად, ოკუპანტების საუბრის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ინტერნეტთან წვდომის დასამყარებლად Starlink-ის ტერმინალები დამონტაჟდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 83-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის დანაყოფებში, რომლებიც დონეცკის ოლქში, კლიშჩიივკისა და ანდრიივკის მახლობლად მოქმედებენ.


უკრაინის დაზვერვის სპიკერმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ ომში რუსული ძალების მიერ Starlink-ის ტერმინალების გამოყენების ფარგლები იზრდება. „იყო შემთხვევები, როდესაც რუსი დამპყრობლები იყენებდნენ ასეთ მოწყობილობებს და ეს უკვე სისტემურად ხდება,“ - განაცხადა იუსოვმა. 


Starlink-ის ტერმინალები კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკრაინელი სამხედროებისთვის. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მათ საშუალებას აძლევს, ეფექტიანად შეასრულონ ისეთი ამოცანები, როგორიცაა, დრონის შეტევის კოორდინაცია და დაზვერვის მონაცემების შეგროვება