ევროკავშირმა რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ.
„ეს გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს,“ - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული.