გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ „მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.“
„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 20 მარტს ჩაინიშნა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დავაყენეთ ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი, ორი მათგანი [გიორგი მელაძის და დიმიტრი კორინთელის] პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, მას ოჯახის წევრებს გავუზიარებთ. სხვა მიმართულებით, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა მათი მხრიდან მზაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ," - განუცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს ორი შემთხვევა [ზარდიანთკართან და დვანთან] იყო. როგორც ანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტრადიციული პოზიცია გააცნო:
„ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ უნდა შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება, მიწის ნაკვეთებზე მუშაობა და საქონლის მწყემსვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზიარებული იქნება. ამას უახლოესი თვეები აჩვენებენ. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ნებისმიერი მძიმე ინციდენტი."
შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თამაზ გინტურის მკვლელობას ეხებოდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა გინტურის მკვლელების დასჯა. თუმცა, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რუსეთის პოზიცია იყო ცინიკური, როცა კვლავ განაცხადეს, რომ ე.წ. მესაზღვრე უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
„ეს საკითხი ჩვენ მიერ დაისვა და მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოვთხოვეთ წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და ხომ არ იყვნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებულები. სამწუხაროდ, მათგან ტრადიციული პასუხი მივიღეთ, რაც თავიდანვე იყო გაჟღერებული რუსეთის მხარის მიერ, კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა, ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. იგივე პოზიცია აქვთ მკვლელობის პირველი დღიდან და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ამგვარი მოსაზრება არის აღმაშფოთებელი," - განაცხადა ანთაძემ.
კიდევ ერთი თემა ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებულის, დავით გურწიევის ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გურწიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მას ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს კიდევ ერთ თანამშრომელთან (ალიკ ტაბოევთან) ერთად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
„დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში. აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის.
ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე. თავისთავად ასეთი პირის დანიშვნის ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული რეაქცია. ჩვენ მოგვაქვს ფორმატის მონაწილეებთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დაცული და მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნებათ. მათ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავეს. რეაქცია იყო მხოლოდ ფორმალური. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი კონკრეტული დეტალები ჩვენს ინტერვენციაზე მათ არ წარმოუდგენიათ," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი სამუშაო შეხვედრა 20 მარტს დაინიშნა.