ეუთო ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

13 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 117-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმას და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.  


ეუთოს ცნობით, ევროკავშირის სადამკვირველო მისია და ეუთო მიესალმნენ მონაწილეებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმდინარე წლის პირველ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მოლოდინები მონაწილეთა მხრიდან ფორმატის მიმართ მუდმივი ერთგულების მხრივ, რეგულარული შეხვედრების ჩატარების და ინციდენტების პრევენციაზე ყურადღების აქტიურად გამახვილების მეშვეობით. 


„ელჩმა მოშანუმ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს 2024 წელს ეუთოს მალტის თავმჯდომარეობას, აღნიშნა ტექნიკური, კერძოდ კი, სარწყავ საკითხებთან დაკავშირებული თანმხლები შეხვედრების კარგი პრაქტიკა. მან გამოთქვა ჩამოყალიბებული ძალისხმევების და ინიციატივების გაგრძელების იმედი. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ბოლოს შეხვედრის ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების ინციდენტების და შესაბამისი განვითარებული მოვლენების განხილვისას, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული თემების - ქალების, კაცების, ბავშვების მოხუცების უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც კოლექტიურ პრიორიტეტს. 


შესაბამისად მათ მოუწოდეს მონაწილეებს, დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ, უზრუნველყონ გადაადგილების თავისუფლება და სრულად აღადგინონ გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირება მათ შორის, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გადასწვრივ რეგულარული გადაადგილებისთვის.


დისკუსია ასევე შეეხო როგორც ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების ვითარებას, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების საკითხს.  ამასთან ერთად მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და მადლიერება გამოხატეს თანათავმჯდომარეების მიმართ კრიზისის და ინციდენტების წარმოქმნის შემთხვევაში ინფორმაციის დროული გაცვლისთვის. ადრინდელის მსგავსად, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას. მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 20 მარტს გამართვაზე,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.