შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავა. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუშინ, გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს.