ევროკავშირის ელჩი: 9 ნაბიჯზე მუშაობა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ელჩის თქმით, სწორედ ამიტომ, ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი ნაბიჯი, ნომერი მეცხრე, ზუსტად საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულ ჩართულობაზე საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


„ჩვენ ნამდვილად გვიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც აქცენტს აკეთებენ სხვადასხვა საკითხზე. ჩვენი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოძებნოს გზა, რათა მაქსიმალურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება.


გასულ წელს დისკუსიების ძალიან პოზიტიური პროცესი დაიწყო ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე.

სამწუხაროდ, პლატფორმის შიდა განვითარების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა პლატფორმა და ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა, რომლითაც, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პლატფორმა და ასევე ყველა სხვა, რომელმაც დატოვა პლატფორმა, ჩაერთვება და შეძლებს მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეს არის რიგით მეცხრე ნაბიჯი და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყველა მისი განსხვავებული ფერითა და ფორმით მაქსიმალურად იქნება ჩართული, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე საკანონმდებლო პროცესში,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


„როგორც ევროკავშირი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა გასული წლის დეკემბერში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, ასევე საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფლი და სამართლაინი. მიხარია, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთოს/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით. ჩვენი წევრი ყველა ქვეყანა, რომელიც ეუთოს წევრია, მხარს დაუჭერს ამას,“ აღნიშნა ელჩმა.


საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ არჩევნები, არამედ საარჩევნო კამპანიაც წარიმართოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.

„საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დანერგილია საარჩევნო ხმის მიცემა, გადაწყვეტილება თავად ქართველებმა მიიღეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოქროს სტანდარტი არ არსებობს. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ეს, ზოგს არა, ფაქტობრივად, უმრავლესობას არა. ამიტომ ამაზე ჩემს აზრს ვერ გამოვთქვამ.


ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გვექნება არამხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, წარადგინოს თავისი პროგრამა, ჩაერთოს ამომრჩევლებთან და შეძლოს კონკურენციის გაწევა,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის შეკითხვების საპასუხოდ.


ელჩს იმედი აქვს, რომ საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.


 „9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რათა მომავალი გზები განიხილოს.

იმედი მაქვს, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე, საქართველო შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ძალიან სწრაფად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს.

იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა მთავარი საკითხი ხდება, პარალელურად, 9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა გაგრძელდება. ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია, მაგრამ სამუშაო თავად საქართველოს მხრიდან უნდა შესრულდეს, რაც რასაკვირველია, მოითხოვს მთავრობის მხრიდან ინკლუზიურობას და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში,“- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.