თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის „ანტისატელიტური შესაძლებლობა“ არ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს

რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობს, რომელიც შეიძლება, კოსმოსში გამოიყენოს. აშშ-ის ადმინისტრაცია მოსკოვის ამ გეგმებს ძალზე სერიოზულად ეკიდება. ამის შესახებ აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.


მანვე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის იარაღზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან დედამიწაზე ფიზიკური განადგურების გამოსაწვევად. 

„მინდა გარკვევით განვმარტო რამდენიმე რამ. პირველი, ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, რომელიც განლაგებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სწრაფვა ამ კონკრეტულ შესაძლებლობებზე შემაშფოთებელია, უშუალო საფრთხე არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება. ჩვენ არ ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან შეეძლოს ფიზიკური განადგურების გამოწვევა დედამიწაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით რუსეთის ამ აქტივობას.“


„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონგრესის წევრების, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ყველა თქვენგანისა და ამერიკელი ხალხის მაქსიმალურად ინფორმირებულობას. არაფერია პრეზიდენტი ბაიდენისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება. ეს მისი მთავარი პრიორიტეტია,“ აღნიშნა კირბიმ.

დამაზუსტებელ შეკითხვას, საუბარია თუ არა ბირთვულ იარაღზე. კირბი ასე პასუხობს:

 „მე არ ვაპირებ უფრო დეტალებში შესვლას. ეს არის ანტისატელიტური შესაძლებლობა, რომელსაც ისინი ავითარებენ. და ამის იქით ვერ წავალ.“


კირბის თქმით, მას ყველა დეტალის გასაჯაროება არ შეუძლია, მაგრამ რუსეთის ამ ქმედებებს ამერიკის შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან.

თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ ეს განცხადებები აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონის მისაღებად სჭირდება.


ცნობისთვის, კაპიტოლიუმში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გამართა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც ესწრებოდა.


შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და აუცილებელია მისი დროულად მოგვარება.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაციული შეხვედრა ჯეიკ სალივანთან. ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთი კვირაა, ვიცით. ჩვენ შეხვედრის მოთხოვნა გავაგზავნეთ პრეზიდენტთანაც. ეს ძალიან სერიოზული საქმეა. რაღაც ინფორმაციებმა გაჟონა. ვარაუდი ბევრია. ის, რისი თქმის უფლება გვაქვს, არის ის, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მასში ჩართულია რუსეთი. ეს არ არის საქმე, რომელიც შეიძლება, გადაიდოს. ეს არის ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სერიოზულად და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ,“ – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.


თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა. ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით სერიოზული საშიშროების შესახებ განაცხადა.


„ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. ველოდები, რომ მეტი გვექნება სათქმელი. ასე რომ, დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის უსაფრთხოებაზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.