ორშაბათს, 19 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით, ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში.
„ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.
ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.
- საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
- საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს