საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
 
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა.  ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში.
 
„შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი. ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე.
 
„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.