ზელენსკი მიუნხენში ალიევს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.


„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და იგი არ შეიცვლება. ჩვენ, როგორც ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, თქვენი მდგომარეობა მშვენივრად გვესმის და უკრაინელებსა და უკრაინას მშვიდობას ვუსურვებთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, მხარეებმა აზრები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

ლიდერებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში. საუბარი იყო უკრაინული გაზის საწყობების შესაძლო გამოყენებაზე.