ჯონ პენელი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მიმართ, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. პენელის თქმით, ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ USAID აგრძელებს მჭიდრო პარტნიორობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.


„USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო სააზოგადოებათან, მთავრობასთან და კერძო სექტორთან. საქართველოს საზოგადოების ამ სამ სეგმენტთან 30 წელია, ვთანამშრომლობთ. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. ამ თემაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას,“ – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე კომენტარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.

სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.“


USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში.

ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა."