აშშ აცხადებს, რომ ირანზე დარტყმების მეორე ღამეს 90 სამიზნეს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას,“ - წერს CENTCOM-ი X-ზე.
მათი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო „კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები თავს დაესხას კომერციულ გემებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მეზღვაურებს ჰორმუზის სრუტეში.“
ირანული მედია იუწყება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე რაიონებში და რომ დარტყმები ირანის მიერ კონტროლირებად სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულებზე განხორციელდა - ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი ღამის განმავლობაში 14 ადამიანი დაიღუპა.
თეირანი აცხადებს, რომ მან კატარში, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები „გაცილებით გაძლიერდება“, თუ თეირანი გემებზე იერიშებს განაგრძობს.
„ჩვენ ძალიან მძიმედ დავარტყით მათ. ვიტყოდი, 20-ჯერ ძლიერად დავარტყით. ეს გუშინდელი ღამის საპასუხო ნაბიჯი იყო. სინამდვილეში, მათ სამ გემს დაარტყეს, არა ორს. როცა ისინი გვარტყამენ, ჩვენ უფრო ძლიერად ვპასუხობთ,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას თეირანიდან დაუკავშირდნენ და შეთანხმების დადება შესთავაზეს.
„ცოტა ხნის წინ დამირეკეს, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. უბრალოდ, არ ვიცი, ღირსები არიან თუ არა შეთანხმების. არ ვიცი, პატივს სცემენ თუ არა შეთანხმებას, პრობლემა სწორედ ეს არის,“ – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, სამხედრო გამარჯვება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე NATO-ს ქვეყნების დახმარება აღარ სჭირდება.
„ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული. NATO-ს ქვეყნებს ახლა უნდათ დახმარება, მაგრამ ეს ცოტა გვიანია. საბრძოლველი აღარაფერია დარჩენილი. ოდესღაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არ აირჩიეს ეს გზა. ჩვენ კი ამის დავიწყებას ვცდილობთ. ახლა კი ყველას უნდა დახმარება ირანის საკითხში. დახმარება არ გვჭირდება. წვრილმანებია, თუმცა დახმარება საჭირო არ არის,“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.