რუსეთმა ამსტერდამის სასამართლოში „იუკოსის“ საქმეზე $50 მილიარდის სააპელაციო საჩივარი წააგო

რუსეთმა ამსტერდამის სასამართლოში "იუკოსის" საქმეზე 50 მილიარდი დოლარის სააპელაციო საჩივარი წააგო. ინფორმაციას Ukrinform-ი NOS-ზე დაყრდნობით წერს.

„რუსეთმა რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, "იუკოსის" სამ ყოფილ აქციონერს 50 მილიარდი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ამსტერდამის სასამართლომ უარყო რუსეთის უახლესი პროტესტი სასამართლო პროცესზე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა," - წერს გამოცემა.

ამ დროისთვის ჯერ უცნობია, დამთავრდება თუ არა საქმე, რადგან რუსეთს, როგორც ადრე, შეუძლია სხვა ინსტანციას მიმართოს.

როგორც ცნობილია, 2014 წლის ივლისში ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ქმედებები 2006 წელს გაკოტრებული "იუკოსის" ყოფილი მფლობელების მიმართ ექსპროპრიაციად ცნო.


შეგახსენებთ, 2006 წელს რუსეთის მთავრობამ წამყვანი რუსული კომპანიის "იუკოსის" ექსპროპრიაცია მოახდინა, რის შედეგადაც კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა. გაკოტრების შემდეგ აქციონერები რუსეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვდნენ. აქციონერების თქმით, ექსპროპრიაცია იყო "უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული", რის შემდეგაც დაიწყო სასამართლო პროცესი. საქმე ნიდერლანდებში ჩატარდა, ვინაიდან "იუკოსის" უცხოური ფილიალები ჰოლანდიური ფონდის ნაწილია.

ცნობისთვის, მანამდე ჰააგის სასამართლომ აქციონერების სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს ისტორიაში ყველაზე დიდი საარბიტრაჟო თანხის - 50 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. რუსეთის ფედერაციამ სცადა გადაწყვეტილების გასაჩივრება და მისი გაუქმება. საბოლოოდ საქმე უმაღლეს ინსტანციამდე - უზენაეს სასამართლომდე მივიდა. გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა 2021 წელს ნიდერლანდების უმაღლესმა სასამართლომ, რომელმაც ქვედა სასამართლოს სთხოვა საქმის ერთ-ერთი საფუძვლის გადახედვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადრინდელი გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს პროცედურული ნიშნით და ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ კვლავ განიხილოს საქმე. მაგრამ რუსეთმა ვერ გააუქმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აიძულებს მას 50 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადოს "იუკოსის" ყოფილ აქციონერებს.