რუსული სასამართლო ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს მარტამდე არ განიხილავს

რუსეთის ქალაქ სალეხარდის სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს, რომელიც შვილის ცხედრის გადაცემას ეხება.

ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 20 თებერვალს მიმართა და შვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. იმავე დღეს, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ საჩივრით მიმართეს ქალაქ სალეხარდის სასამართლოს.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ მიერ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 21 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს მიღებულ საჩივარს სასამართლო 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.


ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.