საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს NATO-ს შტაბ-ბინაში. საქართველო არის ღირებული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე,“ - წერს იენს სტოლტენბერგი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.
„შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული უსაფრთხოების გარემო. პრემიერ-მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია
- იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს