მაკრონი ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრამდე გავრცელებული განცხადებებიდან ირკევა, მხარეებმა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ დისკუსიებზე ისაუბრეს.“

მაკრონმა შეაქო ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელსაც ალიევი აკრიტიკებს.


„სიუნიქში ბოლოდროინდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ესკალაციის საფრთხე რეალური რჩება. საფრანგეთი წუხს, რომ 12 თებერვალს სროლის შედეგად აზერბაიჯანელი დაიჭრა, რაც ასევე სრული გამჭვირვალობით მიიღო სომხეთის ხელმძღვანელობამ, მაგრამ საფრანგეთი სინანულს გამოხატავს აზერბაიჯანის არაპროპორციული საპასუხო დარტყმის გამო, რის შედეგადაც, სომხურ მხარეს ოთხი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემით.


ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებისკენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრიდან და რომელთაც სურთ დაბრუნდნენ, შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი და აუცილებელია საკომუნიკაციო არხები იყოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და არა დაყოფა.


  • მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ აზიაში და მსურს, განვითარდეს საკომუნიკაციო კავშირები ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. და მივესალმები თქვენს "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას ამ საერთო ამბიციაში,“ აღნიშნა მაკრონმა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა მაკრონი სომხეთში ვიზიტით მიიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკურ ეტაპზეა.

ჩვენი კავშირები ღრმავდება ეკონომიკის სფეროში, ჩვენი კავშირები ღრმავდება პოლიტიკურად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს წვლილს სომხეთის ირგვლივ ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.

თქვენ ახსენეთ ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სადაც, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპების დაცვის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნამდვილად მიღწევადი და რეალურია. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას მიღწეული შეთანხმებების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სომხეთის გამძლეობისთვის მხარდაჭერისთვის.


თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას.


და ამ თვალსაზრისით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ვერავის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს, რადგან ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების დაცვა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა.

ასევე მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიკურ ფაზაში. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ აღნიშნა ფაშინიანმა.