ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ლულა ოკუპანტი რუსეთის მთავარ დიპლომატს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შეხვდა. ლულას და ლავროვს შეხვედრის შემდეგ პრესისთვის არ მიუმართავთ.
ბრაზილიის ლიდერი ეწინააღმდეგება აშშ-ის მოწოდებებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის იზოლაციასა და დასჯას გულისხობს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დასავლეთის ქვეყნები იზიარებენ ომში გარკვეულ ბრალეულობას.
ლავროვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში იმყოფება, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ ჩავიდა. იქ მან რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს განუცხადა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ამ შეკრებაზე ცდილობდა, დღის წესრიგის ერთადერთ საკითხად უკრაინა გაეხადა.
ბრაზილიის მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, „დიდი ოცეულის“ შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიის პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში,“ – აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლულამ მადლობა გადაუხადა ლავროვს მხარდაჭერისთვის და დაადასტურა, რომ ის რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება.
„ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე,“ – წერია განცხადებაში.
რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.
22 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბრაზილიაში საწვავით არ შეავსეს. აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების რისკის გამო, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურებოდა, რუსული თვითმფრინავის საწვავით შევსებაზე უარი თქვა.