“5%-იანი საარჩევნო ბარიერი რისკებს შეიცავს“ - NDI-ის 10 რეკომენდაცია

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომელიც 19 თებერვალს დაიწყო, კვირას, 25 თებერვალს დასრულდა.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის:

  • მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა,
  • საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ,
  • მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე,
  • გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და
  • არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.

NDI-ი აცხადებს, რომ არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს:

  • პოლარიზაცია,
  • სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები,
  • პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები
  • ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში წერია, რომ კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა დაგანსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. მისივე თანახმად, საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი.


ამასთან, პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს.

„საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების, ასევე სერვისების მიწოდების თუ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიმართულებით.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია წინასაარჩევნო კონტექსტში. კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა და განსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამასთან, დელეგაცია მიესალმება პოლიტიკური აქტორების გონივრულ გადაწყვეტილებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის პირობებშია შესაძლებელი.


სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფებს მონიტორინგის განხორციელება პირადი თუ საჯარო მუქარებისგან თავისუფალ გარემოში უნდა შეეძლოთ. პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.


მასში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი.

ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს.


„ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკას უნდობლობა, პარტიების მმართველ წრეებში არსებული, პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია და პოლიტიკური ოპონენტების დემონიზების შემთხვევები ახასიათებს. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სურვილი გვერდით გადადონ პიროვნული განსხვავებები და კონსტრუქციულად, ერთიანი ძალებით უპასუხონ არსებულ გამოწვევებს.

შედეგად, არ ხდება მოსახლეობის უფლებებსა და საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება. ეს არჩევნები ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, დაადასტურონ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, საქართველო გამჭვირვალე და პლურალისტური დემოკრატიის გზაზე წინსვლას აგრძელებს.


ყველა პარტიას და განსაკუთრებით, მმართველ გუნდს, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არჩევნების წარმართვასა და პროცესისადმი მოქალაქეთა ნდობის გამყარებაში. შესაბამისად, წინასაარჩევნო პროცესებში პარტიების კონსტრუქციული ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


კონკრეტულ პიროვნებებზე ფოკუსირებული პოლიტიკის და მზარდი პოლარიზაციის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. ამისათვის, საჭიროა ერთიანი ძალისხმევით შეიცვალოს კამპანიის წარმოების ისეთი პრაქტიკა, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა ხდებოდა.


ასეთ საკითხებზე პარტიებს შორის საჯარო დისკუსიები დღემდე თითქმის არ გამართულა. შედეგად, მოქალაქეებს უჭირთ ისეთი პარტიის იდენტიფიცირება, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. NDI-ის მიერ 2023 წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. უმეტესობა არ ასახავს მოქალაქეთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს.


მიუხედავად იმისა, რომ პარტიები გამოთქვამენ მოქალაქეთა ინტერესების უკეთ საპასუხოდ გაერთიანების სურვილს, მცირეა ძალაუფლების ინდივიდუალური ინტერესების გვერდზე გადადების ნება. NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და იმედოვნებს, რომ პარტიები აწარმოებენ საკითხებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კამპანიებს და თავს შეიკავებენ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისა და პერსონალური თავდასხმებისგან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.


NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს.

ანგარიშს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს.


„წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ხელისუფლებამ, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. აღნიშნულ მოლოდინს ამძაფრებს საქართველოს პროკურატურაში წარსულში წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა და არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება.


ძირითადი სამაუწყებლო მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა პარტიულ ინტერესებს ასახავს. თუ არ ჩავთვლით ონლაინ მედია საშუალებებს, სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა.


საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პლურალიზმის შემცირებისა და, შედეგად, ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს შეიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და 2024 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს,“ -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


NDI-ის დელეგაცია ქართულ პოლიტიკურ ველში დადებითი და უარყოფითი ტენდენციების მიმოხილვის შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს - ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას - 10 სამოქმედო მიმართულებას სთავაზობს:

  1. პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა აქტორების, მათ შორის განსხვავებული ხედვების მქონე მხარეთა, ლეგიტიმურობა და პროაქტიულად აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები.
  2. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ.
  3. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები, მიგნებები და რეკომენდაციები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება.
  4. პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის, წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან.
  5. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს.
  6. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში და მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში.
  7. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.
  8. სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.
  9. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით.
  10. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.