საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებს არ შეესაბამება - NDI-ის მისია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, „არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.“

ამასთან, ცვლილებებმა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 2024 წლის 20 თებერვალს, შესაძლოა, ცესკოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამციროს.


NDI-ის ექსპერტები რამდენიმე გარემოებაზე საუბრობენ, რაც, მათი შეფასებით, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს:

  • „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა.
  • ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე
  • საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად.
  • გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა“.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა.