„რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით ისე, რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია", - ამის შესახებ Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს.
მისი თქმით, რეალურად რუსეთის ინტერესია, აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, რათა ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს სხვა ქვეყნების თვალში.
„მთიანი ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფნის შექმნით, რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს, დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით და პირიქით. რუსეთის პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას აკავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად, თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არ ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო“, - განმარტავს გიორგი ბადრიძე.
საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების მიზნით, ანაკლიის პროექტის აშენების დაჩქარების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილიც.
მისი თქმით, ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფნის შექმნას დიდი დრო დასჭირდება და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ თავისი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად, სატრანზიტო ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად უნდა განახორციელოს.
როგორც Europetime-სთან საუბრისას ბატიაშვილი აღნიშნავს, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოსული გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია, რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება. ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება", - განუცხადა Europetime-ს ზურაბ ბატიაშვილმა.
მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს
ბათუ ქუთელია: ანაკლიის პროექტი გვჭირდება, არა მხოლოდ პორტის, არამედ როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი
ექსპერტი: როგორც ჩანს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომებს ასწორებს