საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს.
"დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა.
თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული „სტრატეგიული ორაზროვნება“.