საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.