დანიის პრემიერმა ევროპის შეცდომა უწოდა რუსულ გაზსა და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს.


„მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არამხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“ - განაცხადა მეტე ფრედერისკენმა.


როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს.

„ჩვენ ევროპული პერსპექტივიდან უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხა არ დაგვიხარჯავს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და დასავლეთში გამდიდრებაზე ზედმეტად ვიყავით ორიენტირებულები, ამიტომაც, დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე შევქმენით, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.