ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საარტილერიო ჭურვები მესამე მხარის მწარმოებლებისგან შეისყიდონ. რამდენიმე ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ევროპის გარეთ, უკრაინის არმიისთვის მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეული არაფორმალური სამიტი მონაწილეებმა განაცხადეს, იუწყება Le Monde. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩეხეთის წინადადება შეესაბამება ევროკავშირის წარსულ პოლიტიკას და განაცხადა, რომ პარიზი შეუერთდება ინიციატივას. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ, ბოლო კვირებში გააფორმეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები კიევთან. ევროკავშირი ცდილობს, შეასრულოს უკრაინის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით, ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინას ჭურვებით დაეხმარება. დაგეგმილი იყო, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინას ერთი მილიონ ჭურვს 2024 წლის მარტამდე მიაწვდიდნენ. თუმცა ევროკავშირმა ვადა ვერ შეასრულა, ამიტომ, ის ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ახლახან, სამხედრო დახმარების პაკეტები, რომელშიც საარტილერიო ჭურვები შედის, დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა გამოაცხადეს.
24 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მარტის ბოლოს, ევროკავშირი უკრაინას თითქმის 170,000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.
-
შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი
-
ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს - ჩეხეთის პრემიერი