დასავლური ქვეყნების ლიდერების დისკუსიის ფონზე, აშშ უკრაინაში ჯარის გაგზავნას გამორიცხავს

სახელმწიფო დეპარტამენტმა მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად.


„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას შეუძლია თავის ინტერესებზე ისაუბროს, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამორიცხა NATO-ს ნებისმიერი ჯარისკაცის გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა CNN-ის ცნობით.


მან ასევე მოუწოდა კონგრესს, გაიღოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის დახმარებისთვის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გამარჯვების გზა ახლა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაზე გადის“ - განაცხადა მილერმა.


შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.

ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.