ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ

პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს, პრაღაში, "ვიშეგრადის ჯგუფის" (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრიანის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას.

ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პრაღაში შეხვედრამდე, პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად კონფერენცია გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე ისაუბრეს ახალი კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს.


„არ ვუჭერთ მხარს უკრაინაში ჯარის გაგზავნას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ომში და გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი," - განაცხადა დონალდ ტუსკმა პრაღაში.


NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ პრორუსული პოზიციით ცნობილი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო.

პრაღაში ჩასვლამდე ფიცომ 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებაში „უკრაინელი ნეონაცისტები“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ალიანსში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძელი გახდება “მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის.“


სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას.

ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.