„უკრაინის კრიზისის“ მოგვარების პოლიტიკური გზების მოსაძიებლად ჩინეთის მთავრობა სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის რუსეთში, უკრაინასა და ევროკავშირში. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
პეკინის ცნობით, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი საშუამავლო დიპლომატიის მეორე რაუნდის ფარგლებში, 2 მარტიდან ეწვევა რუსეთს, ევროკავშირის შტაბ-ბინას(ბრიუსელი), პოლონეთს, უკრაინას, გერმანიას და საფრანგეთს.
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში 2023 წელსაც იმყოფებოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. პეკინს რუსეთის აგრესია არ დაუგმია. ამასთან, ჩინეთმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.