ბრიტანული ორგანიზაციის Conflict Armament Research (CAR) დირექტორის მოადგილემ დემიენ სპლიტერსმა აშშ-ის სენატში მოსმენების დროს განაცხადა, რომ ბრიტანელმა ექსპერტებმა 200-ზე მეტი კომპანია აღმოაჩინეს, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.
სპლიტერსის თქმით, მონაცემები ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული იარაღის ასობით ნიმუშის კვლევისას შეგროვდა. ექსპერტებმა დააფიქსირეს 10 000-ზე მეტი ნახევარგამტარი და დაადგინეს დასავლეთში წარმოებული ელექტრონული ელემენტების 250-ზე მეტი სახეობა.
„ამჟამად ჩვენ კონფიდენციალურად დავადგინეთ 200-ზე მეტი კომპანია, რომელთა მიმართ სანქციები არ დაწესებულა და რომლებიც ინტერესს იწვევს. მათი ნახევარი რუსული არ არის,“ - განაცხადა ექსპერტმა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა გამოვლენილი კომპანია დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ქარხნებისთვის ნახევარგამტარების შეძენასთან ან გადაცემასთან.
ბრიტანეთის ერთობლივი თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) წარმომადგენელმა ჯეიმს ბერნმა განაცხადა, რომ რუსეთი შესყიდვების ქსელებს ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების სანქციების გვერდის ავლით აფართოებს, რათა უკრაინაში ომისთვის იარაღი აწარმოოს. რისთვისაც ის აქტიურად იყენებს საზღვარგარეთ დაზვერვის ოფიცრებს და ქრთამს.
"რამდენიმე ბოლოდროინდელი შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აჩვენებს, რომ რუსული შესყიდვების ქსელები აგრძელებენ აქტიურობას ჩვენს ქვეყნებში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში," - განაცხადა ექსპერტმა.
ბერნის თქმით, ბოლო გამოძიების დროს, RUSI-მ ჰოლანდიურ და გერმანულ მედიასთან ერთად აღმოაჩინა უკანონო შესყიდვების ქსელები, რომლებიც გერმანიაში, ლიეტუვასა და ჰონკონგში მოქმედებდნენ. "ზოგჯერ ამ ქსელებს მართავენ გაწვრთნილი რუსული დაზვერვის ოფიცრები, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მათ სახელით. სხვა შემთხვევაში, ეს არის წმინდა ფინანსური მოტივაციით ვაჭრობა სინდისის გარეშე ადამიანების მხრიდან."
RUSI-მ რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის პირველი ანგარიში 2022 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.