პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი გავხდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერობას არ აპირებს.


„არ მგონია, ეს მართებული გადაწყვეტილება იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთებს სურთ, მან ეს როლი იკისროს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და, ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ.

"დაახლოებით, მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ, ევროპული პლატფორმის ირგვლივ," - განაცხადა ზურაბიშვილმა.