საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების შეფასებით, საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“
კობახიძის თქმით, თუ მთავრობის ჩართულობა იქნება აღნიშნულ პროცესში საჭირო, მან შეიძლება ამ მიმართულებით მონაწილეობა მიიღოს. როგორც მან აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია.
„მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები.
დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი რა ფორმით, როგორ, მაგრამ შეიძლება, ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ის,“ - განაცხადა კობახიძემ.