პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„განკარგულების თანახმად, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.
აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები.
აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი“, - ნათქვამია განცხადებაში.