პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა, ახლა ეს არის ყველაზე რეალისტური და ოპოზიციას რეალიზმის გრძნობა უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ Europetime-ს პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.
„პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა. რაღაც დონეზე შარლ მიშელის ვიზიტმაც იქონია გავლენა. ეს საკითხი ახლა შეიძლება უფრო ფართოდ განიხილება, მაგრამ მანამდეც განიხილებოდა. უბრალოდ, მოულოდნელად, ახლა მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ პლებისციტის წინააღმდეგია.
თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის გავლენას და ავტორიტეტს ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მან განსხვავებული აზრი გამოთქვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად, ოპოზიცია, ან თუნდაც მისი პარტია ამას საბოლოოდ უარყოფს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, შეიძლება, არც შეცვალოს.
მე ვფიქრობ, დათანხმება გონივრული კომპრომისი იქნებოდა. გასაგებია, რომ ოპოზიციას მაქსიმუმი უნდა. მაქსიმუმი არის, ის რომ დღესვე გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვთქვათ შემოდგომაზე, გაზაფხულზე ტექნიკურად ვერ მოესწრება. არც ოპოზიციის ინტერესში შედის ასე მოკლე ვადაში არჩვენების დანიშვნა“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას გია ნოდია.
მისივე თქმით, დასავლეთისთვის დემოკრატია არის საპარლამენტო დემოკრატია, ინსტიტუციის ჩარჩოებში მოხვედრილი დემოკრატია.
„მართალია, დასავლეთი ეთანხმება იმას, რომ იყო სერიოზული დარღვევები, მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ არსებობს ცალსახა საბუთი იმისა, რომ სინამდვილეში ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში და ვთქვათ წაართვა მას გამარჯვება ხელისუფლებამ. ეს იყო მიზეზები, რის გამოც ცალსახა დამოკიდებულება ჰქონდა დასავლეთს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში.
მაგრამ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, გარდატეხა მოხდა. არა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აღარ ეუბნებიან პარლამენტში შედითო, უბრალოდ, ისინი ახლა უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან ოპოზიციის შეხედულებებს. ეთანხმებიან იმას, რომ ოპოზიცია რომ შევიდეს პარლამენტში, საჭიროა რაღაც წინაპირობები და ფაქტობრივად, ეს წინაპირობების სია არის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული შეხვედრის ძირითადი შედეგი იყო“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
როგორც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვას ბიძინა ივანიშვილის იდეად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ამ მოდელს თავს ბიძინა ივანიშვილი გვახვევს. პარტიების ნაწილი, მათ შორის „სტარტეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება.
„მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პლებისციტთან დაკავშირებით მსჯელობაზე ხელისუფლება უარს არ ამბობს.
„მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ის რომ, სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერნა მამუკა მდინარაძემ.