იაპონია NATO-ს წევრებთან ერთად, კოსმოსური თავდაცვის წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

იაპონია შეუერთდება NATO-ს წევრებისა და სხვა პარტნიორების ყოველწლიურ კოსმოსურ თავდაცვის წვრთნებს საფრანგეთში, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება. ტოკიო ემზადება რეალური საფრთხეებისთვის, როგორიცაა, საკომუნიკაციო თანამგზავრებზე თავდასხმები, იტყობინება Nikkei.


AsterX 24-ში, რომელსაც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალები ტულუზაში უმასპინძლებს, თექვსმეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სამხრეთ კორეა არის ერთადერთი აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. სხვა მონაწილე ქვეყნები არიან: გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია. წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც.


სწავლება მოიცავს კოსმოსური ომის სრულ სპექტრს გამოგონილ გეოპოლიტიკურ სცენარში, რომელიც დაფუძნებულია მიმდინარე და მომავალ საფრთხეებზე, იტყობინებიან საფრანგეთის სამხედროები. AsterX ყოველწლიურად, 2021 წლიდან იმართებოდა და მასში მონაწილეობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა. იაპონიის თავდაცვის ძალებს 2022 წლიდან დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. წელს სწავლებაში SDF-ის ორი წევრი მიიღებს მონაწილეობას.

„რუსეთი ჰიბრიდული ქმედებებით, დეზინფორმაციით, კიბერთავდასხმებით და პოლიტიკური ჩარევით ცდილობს, დათესოს განხეთქილება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებებში,” - განაცხადეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ თვეში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.

იაპონია ასევე ხედავს კიბერთავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას იმ ფონზე, რომ ჩინეთი აშენებს თანამგზავრზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო ქსელს და ცდილობს, კოსმოსური ძალა გახდეს. პეკინს იაპონიასა და აშშ-ზე სამიზნეებზე კიბერშეტევებში ადანაშაულებენ. იაპონიამ და NATO-მ დაადასტურეს თანამშრომლობა კიბერ და კოსმოსურ სფეროებში ივლისში მიღებული პარტნიორობის დოკუმენტში. დეკემბერში იაპონია შეუერთდა კომბინირებული კოსმოსური ოპერაციების ინიციატივას, მრავალმხრივ ჩარჩოს, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოიცავს.