ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, გორში, 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი დაუმძიმდეს

„ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. როგორც 14 წლის ბავშვის თემა, ქობულეთში. ეს არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა ამბობს, სად იყო პოლიცია. მე, რა თქმა უნდა, არ ვირიდებ თემას, მაგრამ საზოგადეობის, ყველას ბრალიცაა - თქვენი, ჩემი, ყველას ბრალია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არაა გორში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დაკავებული პირის მიმართ საქმე ძალადობის მუხლითაც აღძრული, განაცხადა, რომ საქმის გადაკვალიფიცირების არანაირი პრობლემა არ არსებობს. ​

„რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ ამ ფაქტის შესახებ. არ მინდა, დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები საერთოდ არავის არაფერი არ უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს?!… ეს საზოგადოების პრობლემაცაა, არაა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი.

იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა. არანაირი ძალადაობა არ დაუფიქსირებია. როგორც წესია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა. არავითარი პრობლემა არ ყოფილა, მერე გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და თუ ვინმე გამოიკვეთება, მიდის გამოძიება, მასაც დავაკავებთ. უმძიმესი თემაა, მე არ ვირიდებ პასუხისმგებლობას", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა - დაკავებულია 50 წლამდე კაცი.