საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე ახალ ადმინისტრაციასთანაც ახალ საფეხურზე ავა. აღნიშნული განცხადებით ზალკალიანი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შტატები მზადაა გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები
,,ეს იყო კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი და დასტური ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის მაღალი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები.
ჩვენ გვქონდა, ამ თვალსაზრისით ძალიან ხელშესახები პრაქტიკული თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.
საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში, ერთგული მოკავშირე. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია ჩვენი ქმდებებით, ასევე კოალიციაში საქმიანობით.
დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე თვისობრივად ახალ დონეზე ავა ახალ ადმინისტრაციასთანაც", - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს.