საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 6 მარტს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მანიპულაციას უწოდებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ამ მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში.“

„რადიო თავისუფლების“ ეს სტატია არის მანიპულაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად! ეს არ არის პირველი შემთხვევა და მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში!


ამ 2 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი ბრალდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პასუხი რომ არ გაგვეცა და ბუნებრივია, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის დასადასტურებლად, თითქოს, საქართველოში კონკრეტული ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის არაბუნებრივი ზრდა გვაქვს (ამისთვის აღებულია მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იმპორტი) და თითქოს საქართველოდან ეს საქონელი შეიძლება მოხვედრილიყო სანქცირებულ ქვეყანაში (ამ უკანასკნელის არანაირი მტკიცებულება კვლავ არ არის წარმოდგენილი).


სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივად გადასამოწმებელია „საქსტატის“ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში (Geostat.ge), რეალურად გაზრდილია თუ არა კონკრეტული ორმაგი დანიშნულებით გამოყენებადი საქონლის იმპორტი საქართველოში:

სტატიის მიხედვით: 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი (29 ათასი დოლარიდან 179 ათას დოლარამდე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 14-ჯერ, 2.6 მილიონი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე;

სტატიის მიხედვით: ინტეგრალური სქემების იმპორტი აშშ-დან ათჯერ მეტია, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი (ჯამურად, 2 წლის განმავლობაში 50 ათასი დოლარის) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 3-ჯერ, 5.2 მილიონი დოლარიდან 1.6 მილიონ დოლარამდე;

სტატიის მიხედვით: 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი (საუბარია 1670 დოლარის ჯამურ ღირებულებაზე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი გვქონდა 2019 წელს 5600 დოლარის ოდენობით და 2022 წელს 5700 დოლარის ოდენობით;

სტატიის მიხედვით: აშშ-დან ნახევარგამტარების იმპორტში ზრდა გვაქვს 1790 დოლარამდე 2023 წელს - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 22%-ით, 23.2 ათასი დოლარიდან 18 ათას დოლარამდე.


პრაქტიკულად ყველა მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან (აშშ) იმპორტის მაგალითზე, სრულიად აცდენილია რეალურ სურათს და ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი იგივე წყაროზე, რაც სტატიაშია მითითებული: „საქსტატი“ - „საქართველოს იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით (HS 6-ნიშნა) 2015-2024 წლები.“


ძალიან რთულია ოფიციალური სტატისტიკის აუდიტორიისთვის ამ ფორმით მიწოდებას ვუწოდოთ შეცდომა, როცა ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი ყველა ეს ინფორმაცია და ისედაც ცხადია, რომ მოყვანილი საქონლის იმპორტი შიდა მოხმარების საშუალო მაჩვენებელსაც კი არ აღემატება. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოახერხა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების აკრძალული საქონლის შეძენა, მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ზემოთ ჩამოთვლილი საქონლის იმპორტის ღირებულება ჯამურად 250 ათას დოლარსაც კი, არ აღემატება და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2018/2019 წლის ფასების შედარება ხდება 2022/2023 წლის ფასებთან.


საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რასთან დაკავშირებითაც სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო სანქციების დამწესებელი ჩვენი პარტნიორები. მათ შორის, სტატიაში მოყვანილი პერიოდი შეფასებული იყო საერთაშორისო სანქციების კოორდინატორების მიერ საქართველოში ვიზიტის დროს და საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებისთვის დანერგილმა სისტემებმა მიიღო მაღალი შეფასება, რაც საჯაროდაც იქნა გაჟღერებული.


ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას, განცხადებების შესახებ, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სენატში შეხვედრაზე სენატორების მიერ. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება იქნა გაკეთებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ. საქართველოსთან მიმართებაში კომიტეტზე წარმოდგენილი ინფორმაცია (კონკრეტულად მხოლოდ 4 კომპანიის ჭრილში) საერთოდ არ ასახავს ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს და აჩვენებს რეალობიდან არსებითად აცდენილ სურათს. აშშ-ის სანქციების აღმასრულებელ ყველა ორგანოსთან ფინანსთა სამინისტროს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა და დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია (ჯერ კიდევ ველოდებით), რაც რაიმე ფორმით დაადასტურებდა გამოთქმულ ვარაუდებს.


საქართველოზე მეტს (არა მხოლოდ რეგიონში) არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, რაზეც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. დროა დასრულდეს ცილისწამების ეს ორკესტრირებული კამპანია და ადეკვატური შეფასება მოჰყვეს იმ ძალისხმევას, რასაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების გლობალურ საკითხში,“ - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.