აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: NATO-სთან შვედეთის მიერთების პროტოკოლი ძალაშია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების ოქმი გამოაქვეყნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 7 მარტს შესრულდა ალიანსთან შვედეთის სამეფოს მიერთების შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ოქმის II მუხლით გათვალისწინებული პირობები.

შესაბამისად, ოქმი ძალაში შევიდა 2024 წლის 7 მარტს.

„NATO-სთან შვედეთის მიერთების პროტოკოლის ძალაში შესვლის შესახებ შეტყობინება გამოცემულია,“ წერს დეპარტამენტი.

შვედეთის განაცხადი NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა.
 
შვედეთის მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ვაშინგტონში იმყოფება. შვედეთის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან შვედეთის მიერთების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

ამის შემდეგ, კრისტერსონი შვედეთის მიერთების დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს წევრი და სრულუფლებიანი მოკავშირე ხდება.
 
აღსანიშნავია, რომ დღესვე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერს ოფიციალურად დღეს აცნობა, რომ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლი და შესაბამისად, სტოლტენბერგმა მიიწვია შვედეთი, ოფიციალურად შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. „შვედეთი მალე NATO-ს 32-ე წევრი გახდება,“ წერს ულფ კრისტენსონი.

შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება. შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები.


ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები.

დაგეგმილია პრესკონფერენციები.


2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო.


26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს.

რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა.