რატომ სჭირდება უკრაინას ასე ალიანსის გაფართოება, ამ თემით უკრაინული მედია დაინტერესდა.
შვედეთი, რომელსაც უკრაინაში რუსეთის აგრესიამ აიძულა, რომ 2022 წლის 18 მაისს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანა, NATO-ს 7 მარტს ოფიციალურად შეუერთდა.
თავდაპირველად, სტოქჰოლმის მისწრაფება თურქეთმა დაბლოკა.
წელიწადნახევრის შემდეგ ანკარამ საბოლოოდ, საჯაროდ განაცხადა, რომ განბლოკავდა შვედეთის გაწევრიანებას, თუ იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოიხსნებოდა არამხოლოდ შვედების, არამედ, შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ.
დეტალების შეთანხმებას კიდევ ერთი თვე დასჭირდა და იანვარში შეთანხმება შედგა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მწვანე შუქი აუნთო შვედეთის გაწევრიანებას, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა განბლოკა F-16-ების მიწოდება თურქებისთვის და კანადელებმა ასევე გააუქმეს ექსპორტის აკრძალვა.
რაც შეეხება უნგრეთს, ის იყო ბოლო ქვეყანა, რომელმაც შვედეთის გაწევრიანების პროცედურა 5 მარტს დაასრულა.
"რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ალიანსის უკვე მეორედ გაფართოება უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაუხსნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალიანსის გაფართოება შეზღუდავს რუსეთს. შვედეთის შეერთებით ბალტიის ზღვა „NATO-ს შიდა ტბად“ გადაიქცევა," წერს უკრაინული მედია.
კერძოდ, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძული გოტლანდი, რომელიც შვედეთს ეკუთვნის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ასევე განსაკუთრებით ელოდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან F-16-ის გარდა, უკრაინა ასევე იმედოვნებს შვედური მრავალფუნქციურ Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების მიღებას, რომელიც ვარგისია მის ასაფრენ ბილიკებზე გამოსაყენებლად. "ახლა, ალიანსის გაფართოებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს საფუძველი, შვედეთის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი ტალღის იმედი ჰქონდეს," წერს უკრაინული მედია.
შეგახსენებთ, რომ ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 2023 წლის 4 აპრილს გახდა.