მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთში ვიზიტის დროს სანდუმ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„თუ აგრესორი არ იქნება გაჩერებული, ის სვლას განაგრძობს და ფრონტის ხაზი სულ უფრო და უფრო ახლო იქნება. ჩვენთან ახლოს. თქვენთან ახლოს. მაშასადამე, ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს,” - განაცხადა სანდუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის კონტროლს ცდილობს, მათ შორის გადატრიალების მცდელობითაც.


საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება მოიცავს იურიდიულ ჩარჩოებს სამომავლო წვრთნებისა და რეგულარული დიალოგისთვის, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას.


“მოსკოვში არსებული რეჟიმი ჩემს ქვეყანაში კონტროლის მოპოვებას ცდილობს ენერგეტიკული შანტაჟით, პროტესტების სპონსორობით, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებით, კიბერშეტევების დაწყებით, ჩვენს არჩევნებში ჩარევით, ბინძური ფულის შემოტანით და გადატრიალების მცდელობითაც კი, მაგრამ მყარად ვდგავართ,” - განაცხადა სანდუმ.


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში საფრანგეთის თავდაცვითი მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებასა და შეიარაღების შეძენაზე შესაძლო კონტრაქტებში დაეხმაროს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება ხაზს უსვამს საფრანგეთის ერთგულებას, დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.