ლუქსემბურგი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება

ლუქსემბურგმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 800 000 ერთეული საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება.

ამის შესახებ ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა იურიკო ბაკესმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ეს იქნება ჩვენი საერთო ძალისხმევის ნაწილი, რათა უკრაინას მივაწოდოთ აუცილებელი შესაძლებლობები რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა მინისტრმა.


 ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.

ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა, პარტნიორების ძებნას გაარძელებენ.

„ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა დღეს განაცხადა, ინიციატივას სულ 13 ქვეყანა შეუერთდა.

ჩეხეთის ინიციატივისთვის ნორვეგია 1,6 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს, ნორვეგიას გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.