აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი Heritage Foundation-ში, კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.
„ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა. ეს ევროპისა და აშშ-ის კონსერვატიულ ძალებს შორის თანამშრომლობის საერთო საფუძველია,“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე.
ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები ვიქტორ ორბანმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კი, განაცხადეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დონალდ ტრამპმა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესახებ კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკეთა.
„იცით, ვის ხვდება დღეს მარ-ა-ლაგოში? ორბანს უნგრეთიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატია არ მუშაობს, იგი დიქტატურისკენ ისწრაფვის,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როგორც CNN იტყობინება, ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ვიქტორ ორბანთან "მეგობრული" შეხვედრა გამართა.
„შემდეგ, ავტოკრატი კონცერტზე წაიყვანა,“ იუწყება ამერიკული ტელეარხი.
ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრა "სოციალურ შეხვედრად" შეაფასა, რომელიც დღის წესრიგის გარეშე შედგა, ხოლო ცალკეულმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო "მეგობრული" შეხვედრა,“ წერს CNN.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN- დაუდასტურა, რომ თეთრ სახლს არ მიწვევია ორბანი ბაიდენთან შესახვედრად.