შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის კახა კახიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელების მისამართებზე ინფორმაცია საჯარო არ უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სპეცსამსახურებში დეპარტამენტის უფროსის მისამართი საჯარო არ უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, ეს პირადად ჩემი აზრია და არა გუნდის, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი თითქმის ხუთი წელი და ეს პრობლემები იქაც იდგა ნამდვილად. ახლაც მიმაჩნია, რომ არ შეიძლება კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მისამართები და სად ცხოვრობს მისი ოჯახი და ა.შ. იყოს ღია. არ ვლაპარაკობ მე საქართველოს ჟურნალისტებზე, აქ საუბარია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები თუნდაც ადვილად მიადგნენ სახლს და იმუშავებენ ოპერატიულად. არ ვსაუბრობ მინისტრზე ან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე, არამედ თუნდაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უამრავი დაკავებებია თუნდაც ნარკორეალიზატორების მხრივ. საერთაშორისო ჩართულობით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვატარებთ სპეცოპერაციებს. რატომ უნდა იყოს ღია მისი მისამართი? ჩემი აზრით, არ უნდა იყოს. მე არ ვლაპარაკობ მინისტრზე, საკუთარ თავზე. დაბალი რგოლი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები უნდა იყოს დაფარული. ქონება ვისაც დააინტერესებს, მიმართოს სპეციალურ სამსახურს, მისამართები უნდა იყოს დაფარული", - განაცხადა გომელაურმა.