შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში ქვეყნების როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად იზრდება.
„რუკაზე სწრაფი გადახედვაც კი მიუთითებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ამიტომ, ყაზახეთი, ისევე როგორც აზერბაიჯანი ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გასაძლიერებლად. ეს ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა. 2030 წლისთვის ვაპირებთ 11 ათასი კილომეტრის შეკეთებას და 5 ათას კმ-ზე მეტი ახალი რკინიგზის აშენებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
დღეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ ე.წ. შუა დერეფნის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად გაიზარდა. ამას მოწმობს ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, რომელიც გაორმაგდა 2022 წელს, ხოლო 2023 წელს კიდევ 65%-ით და 2,7 მლნ ტონა ტვირთამდე (2022 წელი – 1,7 მლნ ტონა) გაიზარდა. მომავალში, ჩვენ ველოდებით, რომ ეს დონე 10 მილიონ ტონას მიაღწევს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენი საზღვაო ნავსადგურების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას კასპიის სანაპიროზე. გარდა ამისა, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო ორგანიზაციების მიერ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა ერთობლივი საწარმო, შპს Middle Corridor Multimodal, რომელიც მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ ფორმატში გაუწევს.
მარშრუტის გასწვრივ გამოყენებული იქნება უახლესი ციფრული ტექნოლოგიები. ამისათვის ჩვენ ჩავრთეთ მრავალეროვნული სინგაპურის კომპანია PSA, რომელმაც შექმნა უწყვეტი ციფრული დერეფანი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან, როგორიცაა, Huawei, Wabtec და Alstom, რათა დავნერგოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში,“ აღნიშნა თოყაევმა.