ორბანი: ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ერთ პენსაც კი არ გასცემს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ პენსაც არ გასცემს უკრაინა-რუსეთის ომისთვის, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

გამოცემა M1-თან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი იყო დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია.

 


„ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია და ახლაც არ მალავს თავის შეხედულებებს, ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის მოტანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში და ჩვენ არაფერი გვინდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის გარდა,“ - განაცხადა ორბანმა.


ორბანის განცხადებით, ტრამპს აქვს საკმაოდ დეტალური გეგმები, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები შეესაბამება უნგრეთის ინტერესებს.

 

„მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ პენსაც არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ უკრაინას, ომი დასრულდება და თუ ფულს ამერიკელებიც არ მისცემენ უკრაინას, მაშინ ევროპელები მარტო ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება,“ - აღნიშნა ორბანმა.