სუს-მა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის თ. ც. დააკავა, რომლიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაცის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ თ.ც-ის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, თ. ც. პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა.


„როგორც ცნობილია, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.


აღნიშნულის გამო, მოქალაქეებს, რომლებიც თ.ც-ის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.