აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით, 80 მილიონი დოლარს ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შესაბამისი კანონპროექტი კონგრესს უკვე წარედგინა.
„მოთხოვნა საქართველოსთვის მხარს დაუჭერს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ.
დაფინანსება დაეხმარება ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევებს, მათ შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიის გამოყენებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის; დაეხმარება გაციფრულებას და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და მედეგობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას, დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთავრობის კეთილსინდისიერებას,“ – წერია ბიუჯეტის პროექტში.
ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA) გამოყოფილი 80 მლნ აშშ დოლარი ქვეყნის „დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საზიანო გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განმტკიცებას“ დაეხმარება. დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სახსრები ასევე დაეხმარება სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის დამყარებას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომ წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე და პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.
ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2025 წლის მოთხოვნაში შენარჩუნებულია „მხარდაჭერის მაღალი დონე საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ბელორუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა.“
ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოსთვის გამოყოფილია 88 მილიონი დოლარი, რაც 8 მილიონით მეტია 2025 წლისთვის გამოსაყოფ დახმარებაზე.
საერთო ჯამში, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში 2023-2025 წლებში გამოყოფილი დახმარების მოცულობა არ შეცვლილა და ის მუდმივად 850,3 მილიონი დოლარია. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება სომხეთისთვის (40-დან 45 მილიონ დოლარამდე); მოლდოვის შემთხვევაში უცვლელია (55 მილიონი); დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში კი, კლებაა (108,1 მილიონიდან 105,6 მილიონამდე).
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დღეს, 12 მარტს ჰკითხეს, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს მომავალ წელს აშშ-დან დახმარების 8 მილიონი დოლარით შესაძლო შემცირება.
„მე ვერ გეტყვით. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშან წინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი," - აღნიშნა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, 2025 წლის ფისკალური წლისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯამში, 58,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.
რაც შეეხება სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით მიღებულ დაფინანსებას, მისი „პრიორიტეტული მიმღებები არიან ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი და უკრაინა.“
„IMET წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას იმ სამხედრო ალიანსებისა და საერთაშორისო კოალიციების გასაძლიერებლად, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის.“
უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების განმარტებით ბარათში ასევე ხაზგასმულია, რომ პრიორიტეტული მიმღებები არიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
„ვინაიდან რეგიონული ლანდშაფტი სწრაფად იცვლება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უსაფრთხოების სტრატეგიული პრიორიტეტები უცვლელი რჩება: რუსეთის აგრესიასა და გავლენასთან დაპირისპირება მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა მათ დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; მათი თავდაცვის უზრუნველყოფა ნატოსა და სხვა დასავლელ ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესების გზით; თავდაცვის სფეროში მდგრადი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განმარტებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრავს „ცვალებად საჭიროებებს რეგიონის მასშტაბით.“
„2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ასახავს შეზღუდულ ხელმისაწვდომ რესურსებსა და ცვალებად საჭიროებებს რეგიონის მასშტაბით," - განუცხადა Europtime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.