აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2025 ფისკალური წლისთვის 1,5 მილიარდ დოლარს სთხოვს.
როგორც ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი, დოკუმენტი ითვალისწინებს 1,5 მილიარდ დოლარის გამოყოფას რუსეთის ფედერაციის გავლენებთან ბრძოლისთვის ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, 300 მილიონ დოლარზე მეტი ამერიკული აღჭურვილობის შესყიდვის მხარდაჭერას. ამ თანხიდან აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად 482 მილიონ დოლარს ითხოვს.
გარდა ამისა, ბაიდენს სურს, კონგრესმა გამოყოს $400 მილიონი ჩინეთის წინააღმდეგ, ასევე, $241 მილიონი სამხედრო დახმარების სახით, რათა დაადასტუროს ამერიკის ერთგულება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, კიდევ 25 მილიონი დოლარია გათვალისწინებული ახალი ფონდისთვის აფრიკაში, რუსი მავნე აქტორებთან დასაპირისპირებლად, ასევე, უსაფრთხოების ძალების რეაგირების გაზრდის მიზნით.
ბიუჯეტის პროექტში ასევე შედის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის გაზრდის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნა განსახილველად კონგრესს წარედგინება.
ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.