საზოგადოება
ახალი ამბები
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაო იწყება. მას იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები შეასრულებენ. დღეს სპეციალისტებმა ჟურნალისტებს მოკვლევის პირველადი დასკვნა გააცნეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ნარდი მოზაიკას შეისწავლის. დიაგნოსტიკის შემდეგ დაიწყება მოზაიკის კონსერვაციაც.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. მათივე ინფორმაციით, გაგრძელდება გადახურვის სამუშაო და მოეწყობა კიდევ ერთი დროებითი გადახურვა.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც გელათში ჩატარდება, დეტალური სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დაგეგმილი.
„ჩამოსულები არიან ჩვენი ინგლისელი კოლეგები, ასევე მოზაიკის ჯგუფი რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი და არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ერთ წუთში.
ამიტომ საჭიროა, სწორად იყოს პროცესი დაგეგმილი. ყველაფერი, რაც აქ ხორციელდება, არის ძალიან დეტალური სამეცნიერო კვლევის შემდეგ დაგეგმილი. ძალიან მალე პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.
ყველას გვაწუხებს გელათი და ყველამ ვიცით, რომ არამარტო გადარჩება, არამედ, აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება. ექსპერტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა, ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის წინ არ არის დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არის ერთიანობა, სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრს,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ტაძარში 21 კრიტიკული კერაა, რომელზეც სამუშაო ჩატარდება.
„დღეს სპეციალისტები იწყებენ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგან კედელი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მხატვრობასთან მუშაობა შევძლოთ. დღეს მოხდება მასალების პირველი დატესტვები და სამუშაოს ჩატარება კრიტიკულ კერებზე. 21 ასეთი კერაა ტაძარში,“ – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.