17 მარტს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ" იგეგმება, რომლის ინიციატორი სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი დეპუტატი, მაქსიმ რეზნიკია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ. მოსკოვის პროკურატურამ ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა. იუწყება Meduza.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ვრცელდება მოწოდება 17 მარტს, 12:00 საათზე „საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით, მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, ამ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ისჯება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, „უკანონო ქმედებებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო კომისიის მუშაობის თავისუფლად განხორციელებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.